დავით შალამბერიძე
თენგიზ ყურაშვილი


ფრინველები ფართობის შეზღუდულ მონაკვეთზე მათი მჭიდროდ დასმისას და მავნე ფაქტორების ამოქმედებით დიდ მგრძნობელობას ავლენენ მრავალი ინფექციური დაავადებების აღმძვრელების მიმართ.

მიკროორგანიზმების სისტემატური პასირებით პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ხშირად დიდ რაოდენობის ფრინველის სიკვდილიანობის მიზეზი ხდება.

მიკროორგანიზმების ერთდროულად მოქმედებისას ინფექციური პროცესი ძნელად სამართავი ხდება და რთულდება მათი მკურნალობა.

მიკროორგანიზმები სწრაფად იძენენ რეზისტენტობას სამკურნალო პრეპარატების მიმართ აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს ახლის ძიება. დღეს მოქმედი ვეტერინარული ფირმები ცდილობენ ადგილზე შექმნან და აწარმოონ ანტიბაქტერიული ეფექტური პრეპარატები. სტატიაში სწორედ ასეთი პრეპარატის სულფოქსის ეფექტურობის შესწავლის შედეგია მითითებული.

შესავალი: მაღალპროდუქტიული ფრინველების (როგორც მეხორცული ასევე მეკვერცხულის) მაღალი კონცენტრაციის (25000 და 40000 ფრათა ბროილერი 35 -45 დღიანი გამოზრდით) საწარმოო პროცესების მაქსიმალური მექანიზაცია და ავტომატიზაცია, ხელოვნური მიკროკლიმატის პირობებში, ხელს უწყობს მრავალი დაავადების წარმოშობას და მათ მწვავედ მიმდინარეობას. ამ პირობებში ფართოდ ვრცელდება პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმებით გამოწვეული დაავადებები, პირველ რიგში: სალმონელოზი, ეშერიხიოზი, სტაფილოკოკოზი, სტრეპტოკოკოზი, მათ ემატება პასტერელოზი, მიკოპლაზმოზი და სხვა (1,2,3,4,7)

საქათველოში სამრეწველო მეფრინველეობის აღმავლობის პერიოდში(1981-1995წლებში) ბაქტერიულ დაავადებებს შორის წამყვანი ადგილი ეკავა ეშერიხიოზს და პულოროზ ტიფს, სტაფილოკოკოზს და პასტერელოზს (1).

ფრინველების და ცხოველების ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ უამრავი დასახელების ანტიბიოტიკი, ნიტროფურანის ჯგუფის, სულფანილამიდური და ქიმიური პრეპარატი გამოიყენება. აღნიშნული პრეპარატების ფართოდ გამოყენებით გაჩნდა მათ მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიათა რასები, რამაც დააქვეითა აღნიშნული პრეპარატების სამკურნალო თვისებები, გარდა ამისა, პრეპარატების ხშირი გამოყენებით ხდება მათი დიდი რაოდენობით დაგროვება პროდუქტებში(ხორცი, კვერცხი) ეს კი უარყოფითად მოქმედებს და ადამიანის ჯანმრთელობაზე და პროდუქტების სასაქონლო ღირებულებებზე (2,5,6,8).

ბოლო წლებში ინტენსიურად მიმდინარეობს ძიება ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რომელთაც ექნებათ საუკეთესო სამკურნალო თვისებები, იქნება ხელმისაწვდომი მომხმარებლისათვის და ამასთან ერთად იქნებიან უვნებელი ადამიანებისათვის.

ჩვენი წინადადებით და ხელშეწყობით შ.პ.ს ”დავათში” დაიწყო ანტიბაქტერიული პრეპარატის სულფოქსის წარმოება, რომლის 1 ბოლუსი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდს -0,25გრ; სულფათიაზოლ სოდიუმს (ნორსულფაზოლ ნატრიუმს) – 0,25გ და ასევე დამხმარე: სახამებლის 0,18გ და ტალკს 0,02გ.

ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა პრეპარატ სულფოქსის უვნებლობის და ეფექტურობის დადგენა სალმონელოზის, ეშერიხიოზის, სტაფილოკოკოზის და სტრეპტოკოკოზის მიმართ.

კვლევის ობიექტები და მეთოდები: პრეპარატ სულფოქსის უვნებლობის შესწავლას ვაწარმოებდით 10 დღიან წიწილებზე. ცდაზე აყვანილ იქნა 35 ფრთა ფრინველი (30 საცდელი და 5 საკონტროლო) საცდელი წიწილები დაყოფილი იქნა 3 ჯგუფად (10-10 ფრთა თითოეულში) წიწილებს პირველ ჯგუფს ვაძლევდით წყალში გახსნილი პრეპარატის სამმაგი თერაპევტული დოზის დალევინებით 5 დღის განმავლობაში, მეორე ჯგუფს - ხუთმაგს, მესამე ჯგუფს ათმაგ დოზას. საცდელი და საკონტროლო ფრინველის კვება და მოვლა შენახვა ერთნაირი იყო. წიწილებზე დაკვირვებას ვაწარმოებდით 10 დღის განმავლობაში.

პრეპარატის სამკურნალო ეფექტურობის დასადგენად ცდაში აყვანილ იქნა 40 საცდელი და 20 საკონტროლო 10 დღიანი წიწილა. ფრინველები დაყოფილ იქნა 4 ჯგუფად (10 საცდელი და 5 საკონტროლო) ფრინველების პირველ ჯგუფს ( როგორც საცდელის ასევე საკონტროლოს) ბარძაყის არეში კუნთებში შევუყვანეთ სალმონელის, მეორე ჯგუფს ეშერიხიის, მესამე ჯგუფს სტაფილოკოკის და მეოთხე ჯგუფს სტრეპტოკოკის კულტურების მინიმალური სასიკვდილო დოზები. კულტურების სასიკვდილო დოზები დადგინდა ცდის დაწყების წინ იგივე ასაკის და წონის წიწილებზე.

ოთხივე ჯგუფის საცდელ წიწილებს დასნებოვდებიდან 4 საათის შემდეგ დაეწყოთ წყალში გახსნილი (2 ბოლუსი 1ლ წყალში) პრეპარატის სულფოქსის მიცემა 5 დღის განმავლობაში. საკონტროლო წიწილებს პრეპარატი არ ეძლეოდათ. ფრინველებზე დაკვირვება წარმოებდა 10 დღის განმავლობაში. საცდელი და საკონტროლო წიწილების მოვლა-შენახვა ერთნაირი იყო.

შედეგები და მათი განხილვა: პრეპარატ სულფოქსის უვნებლობის შესწავლით დადგინდა, რომ საცდელი წიწილების იმ ჯგუფში, რომელთაც მიეცათ პრეპარატის სამმაგი და ხუთმაგი დოზები გარეგნულად ნორმიდან გადახრა არ აღენიშნებოდათ, იყვნენ აქტიურები საკვებს კარგად იღებდნენ და ვითარდებოდნენ. წიწილები რომელთაც მიეცათ ათმაგი დოზა, პრეპარატის მიღებიდან 48–72 საათის შემდეგ იყვნენ აბუზულები დაქვეითებული ჰქონდათ მადა. აღნიშნული კლინიკური ნიშნები რამოდენიმე დღეში გაქრა და წიწილები თანდათან აქტიურები გახდნენ და საკვებს კარგად ღებულობდნენ.

ჩატარებული ცდების შედეგებმა დაგვანახა, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატის სულფოქსის სამმაგ და ხუთმაგ დოზებში მიცემა წიწილებში არ იწვევდა უარყოფით გავლენას, რაც გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას რომ ის არატოქსიურია და მისი გამოყენება გაზრდილ დოზებში უსაფრთხოა.

პრეპარატ სულფოქსის სამკურნალო ეფექტურობის შესწავლამ დაგვანახა, რომ ის იცავს ფრინველებს სალმონელოზის, ეშერიხიების, სტაფილოკოკების და სტრეპტოკოკების კულტურებით დასნებოვნებისაგან, ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ საცდელი წიწილების ჯგუფიდან მოკვდა მხოლოდ 2 წიწილა. ერთი წიწილა პირველი ჯგუფიდან (დასენიანებული სალმონელებით) 48 საათის შემდეგ და ერთი წიწილა მეორე ჯგუფიდან (დასენიანებული ეშერიხიებით) 72 საათის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ წიწილების ამ ჯგუფებში რამოდენიმე ფრინველს აღენიშნებოდათ მოწყენილობა და მადის დაქვეითება, გაკვეთით დადგინდა, რომ სიკვდილი არ იყო განპირობებული სალმონელების ან ეშერიხიების ზემოქმედებით. აღნიშნული კლინიკური ნიშნები წიწილებს სწრაფად გაუქრათ. საკონტროლო ჯგუფის წიწილები დაიხოცა 24–48 საათის განმავლობაში.

დასკვნები:
1. პრეპარატი სულფოქსი სამმაგი და ხუთმაგი თერაპიული დოზებით არატოქსიური და უვნებელია. მისი გამოყენება გაზრდილ დოზებში უსაფრთხოა.
2. პრეპარატმა სულფოქსმა გამოავლინა ანტიბაქტერიული თვისება. მისი გამოყენება რეკომენდებულია სალმონელოზის, ეშერიხიოზის, სტრეპტოკოკოზის, სტაფილოკოკოზის და სხვა ბაქტერიული დაავადებების დროს ფრინველებში და ცხოველებში.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. წულაია ა. ინფექციური დაავადებები და მათი საწინააღმდეგო ღონისძიებები საქართველოს სამრეწველო მეფრინველეობის საწარმოებში. სადოქტორო დისერტაცია თბილისი–1999.
2. Борисенкова А. , Животноводчество России, декабрь, 2007 15-17.
3. Сидорчук А.А., Воронин Е.С. Инфекционные болезни животных, Москва 2007
4.Филипенко М.Л., Афонюшкин В.Н. , Дударева Е.В. , Инфекционные заболевания сельскохозяйственной птицы-результат пересечения молекулярно – биологических особенностей возбудителя и хозяйственной деятельности человека, Инфекционные заболевания сельскохозяйственной птицы.