დავით შალამბერიძე
თენგიზ ყურაშვილი

მეფრინველეობის ფერმაში ნებისმიერ ბაქტერიული დაავადებების გაჩენა ნეგატიურად მოქმედებს მეურნეობის ეპიზოოტიურ სიტუაციაზე და ეკონომიკურ მდგომარეობებზე, ვინაიდან სალმონელოზის, კოლიბაქტერიოზის, სტაფილოკოკოზის და სხვა ბაქტერიული დაავადებების მწვავედ და ქვემწვავედ მიმდინარეობის დროს მნიშვნელოვნად იზრდება ფრინველის სიკვდილიანობა.

ბაქტერიული დაავადებების ქრონიკულად მიმდინარეობისას ირღვევა ფრინველის ნორმალური განვითარება არათანაბარი და დაბალია წონამატი. მატულობს სტრესების მიმართ მგრძნობელობა, ქვეითდება კვერცხმდებლობა და გამოჩეკვის პროცენტი, წიწილების პოსტვაქცინალური იმუნიტეტი ვირუსული დაავადებების მიმართ სუსტად ვითარდება და სხვა.

ფრინველის ბაქტერიული დაავადებების სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული დაავადებების დროულ დიაგნოსტიკაზე.

სტატიაში აღწერილია ფრინველის ბაქტერიული დაავადებების სამკურნალო ახალი, ადგილობრივი წარმოების პრეპარატის - ატავეტ 500 -ის (ფხვნილი) უვნებლობის და ეფექტურობის შესწავლის შედეგები. რომელსაც აწარმოებს შ.პ.ს ”დავათი”. ატავეტ 500 -ის (ფხვნილი) 1გრ ფხვნილი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებებს, სულფამეტაქსაზოლი -400 მგ; ტრიმეტროპრიმი - 100მგ და ასევე დამხმარე ნივთიერებებს, სახამებლს და ტალკს.

შესავალი: ფრინველის ბაქტერიული დაავადებებს ახასიათებს მრავალი თავისებურება და ეს პირველ რიგში დამოკიდებულია სამრეწველო მეფრინველეობაში გამოყენებული ჯიშების მოვლა-შენახვის პირობებზე(1).

საფრინველეში სავალდებულო ზოოტექნიკური ტექნოლოგიების შეუსრულებლობა აქვეითებს ფრინველის რეზისტენტობის და ასუსტებს იმუნიტეტს. ამ ფონზე იქნება ხელსაყრელი პირობები პირობითად პათოგენური მიკროფლორის აქტიურობისათვის და შერეული ინფექციების განვითარებისათვის, რაც ართულებს დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას (1,2,3,4).

შერეული ბაქტერიული ინფექციები ვითარდება როგორც რესპირატორული, ასევე კუჭ-ნაწლავის სინდრომის დროს, ვინაიდან მასში მონაწილეობენ ფაქტიურად ერთი და იგივე მიკროორგანიზმების (ეშერიხიის, სალმინელის, სტაფილოკოკის, პროტეუსის, პასტერელის და სხვა) გარკვეული ჯგუფები. აქედან გამომდინარე, დაავადებების სიმპტომები ზოგადია. სტატისტიკური მონაცემებით შედარებით ხშირია შერეული რესპირატორული ინფექციები (1).

შერეული ინფექციების დროს ხშირად ადგილი აქვს დაავადების აღმძვრელების ვირულენტობის დაქვეითებას და პათოგენური პროცესების სუსტ განვითარებას. ასეთ შემთხვევაში ფრინველები ხდებიან ადამიანებში ტოქსიკოინფექციების აღმძვრელების (სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ეშერიხიოზი და სხვა) მტარებლები და ამძიმებენ როგორც ეპიზოოტოლოგიურ, ასევე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას. აქედან გამომდინარე, ფრინველის ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური ღონისძიებების შემუშავების დიდი მნიშვნელობა ენიჭება: მკურნალობაში ფრინველის ბაქტერიული დაავადებების კონტროლის სქემის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიებებია: დაავადებების დროული დიაგნოსტიკა, ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია (1,2,3,4)

ფრინველის ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება მრავალი ანტიბაქტერიული პრეპარატი. მიუხედავად ამისა, დღესაც მიმდინარეობს კვლევები მათი ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ჩვენი კვლევის მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების ანტიბაქტერიული პრეპარატის - ატავეტ 500-ის (ფხვნილი) უვნებლობის და ეფექტურობის დადგენა.

ობიექტები და მეთოდები: ანტიბაქტერიული პრეპარატის - ატავეტ 500 -ის (ფხვნილი) უვნებლობის დადგენის მიზნით ცდაში აყვანილი იქნა 35 ფრთა 10 დღიანი წიწილა, მათ შორის 5 ფრთა წიწილა წარმოადგენდა საკონტროლო ჯგუფს. დანარჩენი 30 ფრთა წიწილა კი დაყოფილი იქნა სამ ჯგუფად, 10-10 ფრთა თითოეულში, წიწილების თითოეული ჯგუფი მოვათავსეთ ცალკე გალიაში. საცდელი წიწილების პირველ ჯგუფს მიეცათ პრეპარატის სამმაგი, მეორე ჯგუფს ხუთმაგი და მესამე ჯგუფს ათმაგი თერაპიული დოზა. საცდელ და საკონტროლო წიწილებზე დაკვირვებას ვაწარმოებდით პრეპარატის მიცემიდან 10 დღის განმავლობაში.

პრეპარატის ეფექტურობის დადგენის მიზნით ცდაზე აყვანილ იქნა 60 ფრთა 10 დღიანი წიწილა რომელიც დაყოფილი იქნა ოთხ საცდელ ჯგუფად (10-10 წიწილა თითოეულში) და ოთხი საკონტროლო ჯგუფად (5-5 წიწილა თითოეულში). საცდელ და საკონტროლო წიწილებს ბარძაყის კუნთებში შევუყვანეთ : პირველ ჯგუფს სალმონელის, მეორე ჯგუფს ეშერიხიის, მესამე ჯგუფს სტაფილოკოკის და მეოთხე ჯგუფს სტრეპტოკოკის კულტურების მინიმალური სასიკვდილო დოზები(LD 100). კულტურების მინიმალური სასიკვდილო დოზები წინასწარ დადგენილი იქნა იგივე ასაკის წიწილებზე.

საცდელ წიწილებს კულტურების შეყვანიდან 4 სთ -დან დაწყებული 5 დღის განმავლობაში პერორალურად წყალთან ერთად ეძლეოდათ ატავეტ 500 (1გ პრეპარატი გახსნილი 1ლ წყალში) საკონტროლო წიწილებს პრეპარატი არ ეძლეოდათ. წიწილების კვება და მოვლა შენახვის პირობები ერთნაირი იყო.

შედეგები და მათი განხილვა: პრეპარატ ატავეტ 500 -ის უვნებლობის შესწავლით დადგინდა, რომ წიწილების ჯგუფში სადაც გამოიცადა პრეპარატის სამმაგი დოზა, ფრინველებს ფიზიოლოგიური ნორმიდან გადახრა არ აღენიშნებოდათ. ხუთმაგი დოზის მიცემისას წიწილებს ორი დღის განმავლობაში აღენიშნებოდათ უმადობა და მოწყენილობა და იყვნენ მობუზულები. მესამე დღიდან ფრინველებს აღნიშნული კლინიკური ნიშნები გაუქრათ. ათმაგი თერაპიული დოზის მიცემისას ზემოთ აღნიშნული კლინიკური ნიშნები უფრო მკვეთრად და ხანგრძლივად ჰქონდათ გამოხატული. მიუხედავად ამისა დაკვირვების პერიოდში (10დღე) არცერთი წიწილა არ მომკვდარა, მაგრამ აშკარად ეტყობოდათ დიდი სტრესის გადატანის ნიშნები. ფაქტიურად შეჩერდა მათი ზრდა განვითარება.

ჩატარებული ცდების შედეგად დავადგინეთ, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატი ატავეტ-500 (ფხვნილი) არატოქსიური და უვნებელია, არ იწვევს წიწილების სიკვდილს ათმაგი დოზის მიცემის დროსაც კი, რაც გვაძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა.

პრეპარატ ატავეტ 500 -ის ეფექტურობის შესწავლით დადგინდა, რომ პირველ ჯგუფში, სადაც წიწილები დავასნებოვნეთ სალმონელის კულტურით, დასნებოვნებიდან 48 და 72 საათის შემდეგ მოკვდა 2 წიწილა. დანარჩენი წიწილები კლინიკურად ჯანმრთელები იყვნენ. წიწილების მეორე ჯგუფში, სადაც ფრინველები დავასნებოვნეთ ეშერიხიის კულტურით, 72 საათის შემდეგ მოკვდა მხოლოდ ერთი წიწილა. დანარჩენი წიწილები შედარებით აქტიურები იყვნენ, ვიდრე პირველი ჯგუფის წიწილები. მესამე ჯგუფში (სტაფილოკოკების კულტურით დასნებოვნებულ წიწილებში), 48 სთ -ის შემდეგ მოკვდა ერთი წიწილა. ამ ჯგუფშიც დანარჩენი ფრინველი ჯანმრთელი იყო. მეოთხე ჯგუფში, სადაც წიწილები დავასნებობნეთ სტრეპტოკოკის კულტურით, არც ერთი ფრინველი არ მომკვდარა. საცდელი ოთხივე ჯგუფის მცირე ნაწილი წიწილებს დასნებოვნებიდან 24 სთ-ის განმავლობაში აღენიშნებოდათ მადის დაქვეითება და მოწყენილობა. მკვდარი წიწილების გაკვეთისას ინფექციისათვის დამახასიათებელი ნიშნები არ აღმოჩენილა. საკონტროლო ჯგუფში ყველა წიწილა დაიხოცა 24-48 საათის განმავლობაში.

პრეპარატის ეფექტურობის ლაბორატორიული ცდებით დადგენის შემდეგ პრეპარატი ატავეტ-500 რეკომენდებულია ფართო სამრეწველო გამოყენებისათვის.

დასკვნა: 1. ანტიბაქტერიული პრეპარატი ატავეტ 500 (ფხვნილი) არის არატოქსიური, მისი თერაპიული ხუთმაგი დოზით გამოყენება არ იწვევს საცდელ ცხოველებში შესამჩნევ კლინიკურ ცვლილებებს.
2. პრეპარატ ატავეტ 500 -მა ლაბორატორიულ ცდებში გამოავლინა მაღალი თერაპიული თვისებები და დაიცვა საცდელი ფრინველები სალმონელოზით, ეშერიხიოზით, სტაფილოკოკოზით და სტეპტოკოკოზით დაავადებისაგან.
3. პრეპარატის სამკურნალო-პროფილაქტიკური ეფექტურობის შეფასებისთვის აუცილებელია მისი სამრეწველო გამოყენების შედეგების სწრაფი ანალიზი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. Борисенкова А., Животноводчество России, декабрь, 2007 15-17.
2. Конопаткин А.А. , Эпизоотология и инфекционные болезни, Москва 1993,
3. Сидорчук А.А., Воронин Е.С. Инфекционные болезни животных, Москва 2007.
4. Филипенко М.Л., Афонюшкин В.Н., Дударева Е.В., Инфекционные заболевания сельскохозяйственной птицы-результат пересечения молекулярно – биологических особенностей возбудителя и хозяйственной деятельности человека, Инфекционные заболевания сельскохозяйственной птицы.